ესპანეთმა ანკლავ სეუტაში მიგრანტთა ნაკადის გამო სამხედროები გაგზავნა
ესპანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების გასაძლიერებლად ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში სამხედრო ქვედანაყოფებს განათავსებენ, კერძოდ, გაიგზავნება შეიარაღებული ძალების 60 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო გვარდიის 30 თანამშრომელი.
„შეიარაღებული ძალები სამოქალაქო გვარდიას დაეხმარებიან საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში და სხვა საჭირო მოქმედებების შესრულებაში, რათა ქალაქ სეუტაში უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადეს ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მანამდე სეუტის პრეზიდენტმა, ხუან ხესუს ვივასმა მადრიდს მოუწოდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაპირველად გამორიცხავდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, თუმცა მოგვიანებით უწყებამ სეუტაში სამხედროების განთავსების გადაწყვეტილება მიიღო, რათა წესრიგი აღდგეს და უსაფრთხოება გაძლიერდეს.
ცნობისთვის, მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში რამდენიმე საათში ათასობით მიგრანტი შევიდა.