UFC-ის პრეზიდენტმა დეინ უაიტმა MMAFighting.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნახევრადმძიმე წონაში ჩემპიონი ჯონ ჯონსი და მძიმე წონაში ჩემპიონის ტიტულის მფლობელი დანიელ კორმიე მესამე ბრძოლას აუცილებლად გამართავენ.
„გარწმუნებთ, რომ საჭირო დროს, როდესაც ყველაფერი სწორად გაკეთდება, აუცილებლად გაიმართება ბრძოლა კორმიესა და ჯონსს შორის. თუმცა ჯერ ჯონსი ენტონი სმიტს ხვდება, კორმიე კი ტრავმირებულია და ბრძოლა არ შეუძლია. მინდოდა ოქტაგონზე 2 მარტს მენახა, თუმცა დაშავდა და ამას ვერ მოახერხებს. ჯონსმა მიიღო მეტოქე ტოპ სამეულიდან. საინტერესოა, როგორ ჩაივლის ეს ორთაბრძოლა. როდის დაბრუნდება კორმიე, არ ვიცი. ასევე არ ვიცი, ვინ იქნება მისი მომდევნო მეტოქე“, – განაცხადა უაიტმა.
შეგახსენებთ, რომ ჯონსს კორმიე უკვე ორჯერ ჰყავს დამარცხებული. პირველ შემთხვევაში მან გამარჯვება მსაჯთა ერთობლივი გადაწყვეტილებით მოიპოვა, მეორედ ნოკაუტით მოიგო, მაგრამ მოგვიანებით ეს შედეგი გაუქმდა. მიზეზი ჯონსის სისხლში აღმოჩენილი დოპინგი იყო. 15 თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ჯონ ჯონსი ოქტაგონს დაუბრუნდა. ამის შემდეგ აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ის და კორმიე კიდევ ერთ ბრძოლას გამართავენ, სადაც ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.