ჯონ ჯონსი მძიმე წონით დივიზიონში გადასვლას რეალურად მიიჩნევს
ჯონ ჯონსი მძიმე წონით დივიზიონში გადასვლას რეალურად მიიჩნევს

ჯონ ჯონსი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი ჩემპიონია. ამერიკელი მებრძოლი ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი 2011 წელს მოიპოვა და მას შემდეგ მარცხი არ განუცდია.

მორიგი ბრძოლა ჯონსს 2020 წლის 8 თებერვალს ელის. ტიტულის დაცვას „ბოუნსი” ამჯერად დაუმარცხებელ დომინიკ რეიესთან შეეცდება. ბრძოლა ჰიუსტონში გაიმართება.

ლას ვეგასში უკვე ჩატარდა პრესკონფერენცია, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს ჯონსმა და რეიესმა უპასუხეს. ერთ-ერთი შეკითხვა ჯონსს მძიმე წონით დივიზიონში მის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით დაუსვეს.

„ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რეალურია. იმ შემთხვევაში თუ მე დავამარცხებ დომინიკს და ყველა შესაძლო ძლიერ კანდიდატს ნახევრად მძიმე წონაში, შესაძლოა, მძიმე წონით დივიზიონში ვცადო ბედი. მე არასოდეს არ გავურბივარ მეტოქეებს და მზად ვარ ნებისმიერთან საბრძოლველად.” – აღნიშნა ჯონსმა.