აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონი ჯონ ჯონსი პოლიციამ საჭესთან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დააკავა. ჯონსი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და ეს მის ცხოვრებაში პირველად არ ხდება. 32 წლის მებრძოლს დისტანციური სასამართლო პროცესი ჩაუტარდა და მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო, თუმცა ჯონსი საპატიმროში ჩაჯდომას გადაურჩა. მას 96-საათიანი შინაპატიმრობის, ასევე ერთწლიანი პირობითი სასჯელის მოხდა მოუწევს.
როგორც უკვე გითხარით, ჯონსს პოლიციასთან პრობლემები წარულშიც ჰქონია. 2012 წელს სამართალდამცველებმა ჯონსი ნიუ იორკში მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის და ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დააკავეს. 2015 წელს ჯონსმა ანალოგიური დანაშაული ჩაიდინა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორსული ქალბატონი დააზიანა. ამის გამო UFC-იმ მაშინ ჯონსს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა. მოგვიანებით ამერიკელმა მებრძოლმა ქამარი დაიბრუნა, თუმცა არ არის გამორიცხული, ორგანიზაციამ უკანასკნელი ინციდენტის გამო „ბოუნსი“ კიდევ ერთხელ დასაჯოს. სასამართლო პროცესის შემდეგ ჯონსმა საკუთარ გულშემატკივარს მიმართა.
„ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო გლობალურi გამოწვევის წინაშეა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი სახელი კვლავ ასეთ ნეგატიურ ამბავთან არის დაკავშირებული. მე ვარ იმედგაცრუებული იმ ფაქტით, რომ გავანაწყენე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხი – ჩემი ოჯახი, მეგობრები და ფანები. სრულად ვიაზრებ და ვათვითცნობიერებ ჩადენილ დანაშაულს. მე ვიცი, რომ მაქვს ერთ პრობლემაზე სამუშაო და ეს პრობლემა ალკოჰოლია“, – განაცხადა ჯონსმა.