ჯოკოვიჩს ხუთსეტიანი მატჩების გაუქმება სურს
ჯოკოვიჩს ხუთსეტიანი მატჩების გაუქმება სურს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ხუთსეტიან მატჩებზე სრულად უარის თქმის მოწოდებით გამოვიდა და ამ იდეის სასარგებლოდ არგუმენტებიც მოიყვანა.

„მე სამსეტიანი მატჩების დიდი მომხრე ვარ, თუმცა, „დიდი სლემის“ ჩემპიონატებში ყოველთვის ხუთსეტიანებს თამაშობდნენ. ცხადია, რომ ეს ისტორიულად არის ჩამოყალიბებული, ამიტომაც არ ვიცი, არსებობს თუ არა ამის შეცვლის შანსი.

დიახ, მე გამოვდივარ სამსეტიან მატჩებზე გადასვლის წინადადებით. უბრალოდ, ვგრძნობ, რომ საკმარისი ტურნირი გვაქვს წლის განმავლობაში. ჩოგბურთში ყველაზე გრძელი სეზონი თამაშდება – ის იანვრის დასაწყისიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. პრაქტიკულად ყოველ კვირას რაღაც ტურნირები გვაქვს.

ვერ ვხედავ მიზეზებს, რომელთა გამოც უნდა ვითამაშოთ ხუთსეტიანი მატჩები, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ისტორიული შემადგენელია, ეს ტრადიციაა. მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩოგბურთისადმი ყურადღება იკლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. მარკეტინგის თვალსაზრისით, ადაპტირებულნი უნდა ვიყოთ ახალგაზრდობის ინტერესებზე.

სამწუხაროდ, სტატისტიკის თანხმად, საჩოგბურთო გულშემატკივრების საშუალო ასაკი მთელს მსოფლიოში – 61 წელია, რაც ჩემთვის შოკისმომგვრელი სიახლე იყო. ვფიქრობ, რაღაც უნდა შეიცვალოს. ცხადია, ჩოგბურთი ერთ-ერთი ის სახეობაა, რომელიც ტრადიციებს მისდევს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს, მაგრამ, ამავდროულად, აუცილებელია განვიხილოთ გარკვეული ცვლილებების ვარიანტები. მაგალითად, ანგარიშის ათვლის სისტემა შეიძლება შეიცვალოს, შემცირდეს სეტების რაოდენობა, შეიცვალოს კალენდარი ან სარეიტინგო სისტემა“, – მოჰყავს ჯოკოვიჩის სიტყვები პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდს.

დღეისთვის, ჩოგბურთში ხუთსეტიანი მატჩები მხოლოდ „დიდი სლემის“ ტურნირებზე იმართება.

სერბმა კარიერაში მეექვსედ დაასრულა სეზონი პირველი ჩოგანის რანგში. მან 2020 წელს მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, დუბაის, ცინცინატისა და რომის ტურნირები.