ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე პირველი მატჩი წააგო
ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე პირველი მატჩი წააგო

წლის შემაჯამებელი ტურნირის მეორე ტურში დამარცხდა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მსოფლიოს პირველ ჩოგანმა დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია რუს დანიილ მედვედევს და საათსა და 22 წუთში 3:6, 3:6 დამარცხდა.

პირველი სეტის სტარტზე თანაბარი ბრძოლის შემდეგ, მედვედევმა 2:3-ზე ზედიზედ შვიდი გეიმის მოგება შეძლო და ინიციატივა მატჩის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვა. რუსმა რვა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და სამი გამოიყენა, ჯოკოვიჩი კი ერთხელ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე, მაგრამ ვერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. სერბმა ძალიან ცუდად ითამაშა მეორე მოწოდებაზე და 28 გათამაშებიდან მხოლოდ 12 მოიგო. ნოვაკს მხოლოდ 14 “ვინერსი” ჰქონდა და 24 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

ეს იყო ამ ჩოგბურთელთა მეშვიდე ურთიერთშეხვედრა და მედვედევმა მესამედ დაამარცხა სერბი ჩოგბურთელი.

მედვედევმა ჯგუფში მეორე მატჩი მოიგო და გაინაღდა ნახევარფინალში თამაში. ჯოკოვიჩს ორი ტურის შემდეგ ერთი მოგება და ერთი წაგება აქვს, ისევე, როგორც გერმანელ ალექსანდრ ზვერევს. მესამე ტურში სწორედ ეს ჩოგბურთელები ხვდებიან ერთმანეთს და ისინი გაითამაშებენ ნახევარფინალის მეორე საგზურს.

დატოვე კომენტარი