ჯოკოვიჩმა სეტი წააგო, მაგრამ მესამე წრეში გავიდა - აშშ-ის ღია, მამაკაცები, II წრე
ჯოკოვიჩმა სეტი წააგო, მაგრამ მესამე წრეში გავიდა - აშშ-ის ღია, მამაკაცები, II წრე

მეორე მატჩი მოიგო აშშ-ის ღია პირველობაზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ტაი-ბრეიკზე დათმო პირველი სეტი ბრიტანელ კაილ ედმუნდის წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ იოლად მოიგო მომდევნო სამი სეტი – 6:7(5), 6:3, 6:4, 6:2. სერბმა წელს პირველად წააგო ტაი-ბრეიკი, სამაგიეროდ, ამ სეზონზე ისევ დაუმარცხებელი რჩება – 25 მატჩი, 25 მოგება.

ჯოკოვიჩმა 16 ეისი ჩააწოდა, პირველი მოწოდებით ქულების 83 პროცენტი მოიგო და 55 „ვინერსი“ დააგროვა. მის ანგარიშზე იყო 12 ბრეიკ-პოინტი და ექვსი ბრეიკი.

მიუხედავად იმისა, რომ ნოვაკმა პირველი სეტი წააგო, ყველაზე ცუდად მაინც მესამე სეტში გამოიყურებოდა, როცა მეტოქეს ზედიზედ ორი ბრეიკის საშუალება მისცა, თუმცა თავად ზედიზედ სამი ბრეიკი შეასრულა და ამის ხარჯზე მოიგო პარტია.

სერბის შემდეგი მეტოქე გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 4:0-ს უგებს. ეს ჩოგბურთელები სულ ცოტა ხნის წინ ცინცინატის „მასტერსის“ მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ნოვაკმა ანგარიშით 6:3, 6:1 მოიგო. გერმანელსა და სერბს იანვარში ავსტრალიის ღიაზეც ჰქონდათ მატჩი და მაშინ ჯოკოვიჩმა ოთხ სეტში გაიმარჯვა.