ჯოკოვიჩმა მსაჯს ისევ გაარტყა ბურთი (ვიდეო)
ჯოკოვიჩმა მსაჯს ისევ გაარტყა ბურთი (ვიდეო)

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარენ ხაჩანოვთან მერვედფინალის დროს შემთხვევით ბურთი ხაზის მსაჯს თავში მოარტყა.

რუსი ჩოგბურთელის მოწოდების მიღებისას, სერბი გაჭირვებით მიწვდა ბურთს, რომელიც ჩოგანზე ასხლეტის შემდეგ, მსაჯს სახეში მოხვდა.

იმის გამო, რომ ეს სათამაშო ეპიზოდისას მოხდა, ჯოკოვიჩის მიმართ არანაირი სანქცია არ გამოუტანიათ, განსხვავებით აშშ-ის ღია პირველობისგან, როცა ნოვაკმა გათამაშების დასრულების შემდეგ, გაუფრთხილებლად ბურთი უმისამართოდ გაუშვა და მსაჯს მოარტყა. ამის გამო, ჯოკოვიჩი მაშინ ტურნირიდან მოხსნეს.

„ღმერთო, რა უსიამოვნო დეჟავიუ მაქვს. ახლა ვცდილობ ვიპოვნო ის მსაჯი და დავრწმუნდე, რომ ყველაფერი წესრიგში აქვს, რადგან ბურთის მოხვედრის ადგილას პატარა ჰემატომა დავინახე. იმედია, მას ყველაფერი წესრიგში აქვს. ის მოიქცა, როგორც ძლიერი და მამაცი ადამიანი.

რა თქმა უნდა, იმის გამო, რაც ნიუ იორკში მოხდა, ამისგან ისტორიას შექმნიან. მაგრამ ჩემი 15-წლიანი კარიერის განმავლობაში, ასეთი რამ მეც და სხვა ბევრ მოთამაშეს მოსვლია. ხშირად მინახავს, როგორ აისხლიტება ბურთი ჩოგნიდან გულშემატკივრების ან მსაჯების მისამართით“, – თქვა მატჩის შემდეგ ჯოკოვიჩმა.