სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ახალი ისტორია დაწერა – ის გახდა პირველი ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც „მასტერსის“ სერიის ცხრავე ტურნირის მოგება შეძლო. სერბი მეექვსედ თამაშობდა ცინცინატის „მასტერსის“ ფინალში და მეექვსე ცდაზე პირველად შეძლო ამ ტურნირის მოგება, რითაც ამ სერიის პრიზების კოლექცია სრულად შეავსო.
ჯოკოვიჩი ფინალში შვეიცარიელ ლეგენდას, როჯერ ფედერერს ხვდებოდა. ეს ამ ჩოგბურთელთა რიგით 46-ე შეხვედრა იყო და სერბს მინიმალური უპირატესობა ჰქონდა – 23:22.
პირველ სეტში ფედერერი უშანსოდ იყო მეტოქის მოწოდებაზე – ჯოკოვიჩმა თავის გეიმებში მხოლოდ ოთხი ქულა წააგო და ბრეიკპოინტამდე არ მიუშვა მეტოქე. თავად სერბმა სამი ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და ერთი გამოიყენა, რაც საკმარისი აღმოჩნდა სეტის მოსაგებად.
მეორე სეტში მოწინააღმდეგის პირველივე გეიმში ფედერერმა ბრეიკი შეასრულა და დაწინაურდა. თითქოს, როჯერს ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაეშვა, მით უმეტეს, რომ ამ ტურნირის წინა ოთხ მატჩში ჯოკოვიჩი აუცილებლად აგებდა ერთ სეტს. მაგრამ, სერბმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, შემდეგ პირველი სეტის მსგავსად, მეშვიდე გეიმში შეასრულა ბრეიკი და მიიყვანა ფინალი მოგებამდე – 6:4, 6:4.
ჯოკოვიჩმა კარიერაში 70-ე ტიტული მოიგო, ხოლო „მასტერსის“ სერიაში 31-ე ტრიუმფს მიაღწია.