მორიგი წარუმატებელი ტურნირი ჩაატარა მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბმა ჩოგბურთელმა ბარსელონას ტურნირზე მეორე წრიდან აიღო სტარტი და მსოფლიოს 140-ე ჩოგანთან, სლოვაკ მარტინ კლიჟანთან, რომელიც ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა, სენსაციურად დამარცხდა.
შეხვედრა საათი და 41 წუთი გაგრძელდა და კლიჟანმა სამ სეტში მოიგო – 6:2, 1:6, 6:3. მეტოქეები ერთმანეთს მინიმალურ შანსს აძლევდნენ საკუთარ გეიმებში: კლიჟანს მხოლოდ სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ჯოკოვიჩს – ოთხი, მაგრამ სლოვაკმა სერბს რეალიზაციაში აჯობა – სამივე შანსი გამოიყენა, ნოვაკმა კი მხოლოდ ორი. გადამწყვეტ სეტში ჯოკოვიჩს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია.
ავსტრალიის ღია პირველობიდან მოყოლებული, ჯოკოვიჩს შვიდი მატჩი აქვს ჩატარებული და აქედან ხუთჯერ დამარცხდა.