ჯოკოვიჩი ვენის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და 2020 წელს რეიტინგის ლიდერის რანგში დაასრულებს
მსოფლიოს პირველ ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე ტურნირზე მეორე მატჩი მოიგო. სერბმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში თითქმის იგივე სცენარის მატჩში დაამარცხა ხორვატი ბორნა ჩორიჩი, როგორც ერთი დღით ადრე თანამემამულე ფილიპ კრაინოვიჩს სძლია – პირველ სეტში იყო დაძაბული ტაი-ბრეიკი, მეორეში კი ნოვაკმა შედარებით იოლად მოიგო.
შეიძლება ითქვას, რომ ჩორიჩი ვალდებული იყო აეღო პირველი სეტი. მთელი პარტიის განმავლობაში ბრეიკ-პოინტები მხოლოდ მას ჰქონდა, მაგრამ სამი შანსი ვერ გამოიყენა. ტაი-ბრეიკზე ზედიზედ სამი სეტბოლი მიიღო, აქედან ერთი საკუთარ მოწოდებაზე, მაგრამ ჯოკოვიჩმა სამივე საფრთხე მოიგერია. შემდეგ იყო მეოთხე სეტბოლი და ნოვაკის კიდევ ერთი გადარჩენა. ბოლოს კი, 11:11-ზე ჯოკოვიჩმა ზედიზედ ორი ქულა აიღო და სეტებში ანგარიში წაიყვანა.
მეორე სეტში კი რეიტინგის ლიდერმა ექვსი ბრეიკ-პოინტი მიიღო და ორი გამოიყენა, მეტოქეს კი არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მისცა – 7:6(11), 6:3 ორი საათი და ცხრა წუთი ბრძოლის შემდეგ.
ჩორიჩის დამარცხება ჯოკოვიჩისთვის იმას ნიშნავს, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში რაც არ უნდა მოხდეს, სერბი 2020 წელს პირველი ჩოგანის რანგში დაასრულებს, რაც მეექვსედ მოხდება მის კარიერაში. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდება რეკორდსმენ ამერიკელ პიტ სამპრასს.
მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი იტალიელ სონეგოსა და პოლონელ იურკაშს შორის გამარჯვებულს შეხვდება.