კვირას, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა უიმბლდონის ფინალში. მსოფლიოს პირველი ნომრისთვის ეს იყო „დიდი სლემის“ ტურნირებზე მე-16 გამარჯვება. ის ამ მაჩვენებლით ჩამორჩება ფედერერს (20 ტიტული) და ესპანელ რაფაელ ნადალს (18).
სამაგიეროდ, დიდი ტიტულების რაოდენობით, ჯოკოვიჩი გაუთანაბრდა პირველ ადგილზე მყოფ ფედერერს. დიდ ტიტულებში შედის: მოგებები „დიდი სლემის“ ტურნირებზე, ATP-ის წლის შემაჯამებელ ჩემპიონატსა და „მასტერსის“ სერიის ტურნირებზე.
ჯოკოვიჩს კარიერაში 54 დიდი ტიტული დაუგროვდა, ისევე, როგორც ფედერერს. შვეიცარიელს ოთხით მეტი „დიდი სლემის“ ჩემპიონატი აქვს მოგებული (20-16), ერთით მეტი “წლის შემაჯამებელი” მოუგია (6:5), სამაგიეროდ, ჯოკოვიჩს ხუთით მეტ „მასტერსზე“ გაუმარჯვია (33:28).
52 დიდი ტიტულით მესამე ადგილზეა რაფაელ ნადალი (18 – „დიდი სლემი“, 0 – შემაჯამებელი, 34 – „მასტერსი“).
მეოთხე ადგილზეა ამერიკელი პიტ საპრასი – 30 ტიტული (14 – „დიდი სლემი“, 5 – შემაჯამებელი, 11 – „მასტერსი“).
მეხუთეზე – ამერიკელი ანდრე აგასი 26 ტიტულით (8 – „დიდი სლემი“, 1 – შემაჯამებელი, 17 – „მასტერსი“).