ჯოკოვიჩი ჩოგბურთელთა უფლებების დამცავი ახალი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა
მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი სათავეში ჩაუდგა ახალ ორგანიზაციას, რომელსაც ჩოგბურთში პროფესიონალ მოთამაშეთა ასოციაცია (PTPA) ჰქვია. 33 წლის სერბი კანადელ ვაშეკ პოსპიშილთან ერთად უხელმძღვანელებს ამ ორგანიზაციას.
„PTPA-ს მიზანი არის არა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) შეცვლა, არამედ მოთამაშეებისთვის თვითმმართველობის სტრუქტურის შეთავაზება, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ATP-ზე და პირდაპირ ექნება რეაგირება მოთამაშეთა ინტერესებსა და მოთხოვნებზე“, – წერია დოკუმენტში, რომელიც ჩოგბურთელებს გაეგზავნათ.
აღნიშნავენ, რომ PTPA დაიცავს ATP-ის რეიტინგის TOP500-ში მყოფი ჩოგბურთელების ინტერესებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა შემოსავლების განაწილება, დისციპლინარული ზომები, მგზავრობები და დაზღვევა.
ორგანიზაციის შექმნამდე ჯოკოვიჩმა და პოსპიშილმა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მოთამაშეთა საბჭო დატოვეს.
იტყობინებიან, რომ ჯოკოვიჩი და პოსპიშილი PTPA-ს ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებენ, ასოციაციის მმართველ საბჭოში კი ცხრა ადამიანს აირჩევენ.