ჯოელ ემბიდი NBA-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა #1TVSPORT
ჯოელ ემბიდი NBA-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პრესსამსახურმა გამოაცხადა გამარჯვებული სეზონის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ნომინაციაში. ყველაზე პრესტიჟული პრიზის მფლობელი გახდა „ფილადელფიის“ ცენტრი ჯოელ ემბიდი.

100 გამოკითხულიდან 73-მა პირველ ადგილზე დააყენა ემბიდი. მეორე ადგილზე გავიდა წინა ორი სეზონის MVP ნიკოლა იოკიჩი (15 პირველი ადგილი), მესამეზე – იანის ანტენტოკუნმპო (12 პირველი ადგილი).

 

ფაქტები

* ემბიდმა 2022-23 წლების სეზონი 33.1 ქულით, 10.2 მოხსნითა და 4.2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ის ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

* ემბიდმა სეზონში სამი 50-ქულიანი მატჩი ჩაატარა, 13-ჯერ დააგროვა მინიმუმ 40 ქულა. შედეგიანობის მხრივ საუკეთესო მატჩი ნოემბერში „იუტას“ წინააღმდეგ ჰქონდა – 59 ქულა ჩააგდო.

* ემბიდი მეორე აფრიკელია, ვინც MVP-ის ჯილდო მოიპოვა. პირველი იყო ნიგერიელი ჰაკიმ ოლაჟუონი 1994 წელს.

* ზედიზედ მეხუთე წელია, სეზონის MVP ხდება არაამერიკელი კალათბურთელი: 2019 და 2020 წლებში იანის ანტენტოკუნმპო (საბერძნეთი), 2021 და 2022 წლებში ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი), 2023 წელს ჯოელ ემბიდი (კამერუნი).

* ემბიდი 2001 წლის შემდეგ „ფილადელფიის“ პირველი მოთამაშეა, ვინც MVP-ის ჯილდო დაიმსახურა. 22 წლის წინ ეს ალენ აივერსონმა შეძლო. „ფილადელფიიდან“ ასევე ფლობდნენ MVP-ს პრიზს: უილტ ჩემბერლენი (1966-1968), ჯულიუს ირვინგი (1981), მოზეს მელოუნი (1983).

 

NBA-მ დაასრულა 2022-23 წლების სეზონის ინდივიდუალური პრიზების დარიგება. ყველა ლაურეატის სია ასე გამოიყურება:

სეზონის MVP – ჯოელ ემბიდი (ფილადელფია)

საუკეთესო მწვრთნელი – მაიკ ბრაუნი (საკრამენტო)

საუკეთესო დამცველი – ჯარენ ჯექსონი (მემფისი)

საუკეთესო მეექვსე მოთამაშე – მალკოლმ ბროგდონი (ბოსტონი)

საუკეთესო დებიუტანტი – პაოლო ბანკერო (ორლანდო)

ყველაზე პროგრესირებადი – ლაური მარკანენი (იუტა)

საუკეთესო მოთამაშე კლატჩში – დე’აარონ ფოქსი (საკრამენტო)