რამდენიმე დღის წინ „ფილადელფიამ“ გასვლითი მატჩი ვაშინგტონში ადგილობრივი „ვიზარდსის“ წინააღმდეგ გამართა. „სიქსერსის“ გულშემატკივრებისთვის მატჩში საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ჯოელ ემბიდმა მუხლი დაიზიანა და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ESPN-ის ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი და ასევე რამონა შელბრუნი იუწყებიან, რომ „ფილის“ ერთ-ერთი ლიდერი სერიოზულ ტრავმას გადარჩა. მას მხოლოდ ჰემატომა აღენიშნება და რეაბილიტაციისთვის დიდი დრო არ დასჭირდება.
ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ემბიდი მოედანს არაუგვიანეს 2-3 კვირაში დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ „ფილადელფია“ 27 მოგებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია. ჯოელ ემბიდი კი მიმდინარე სეზონზე ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი საშუალო მონაგარი 29.9 ქულას, 11.5 მოხსნას, 3.3 პასს, 1.4 დაფარებას და 1.2 ჩაჭრას შეადგენს. მოედანზე ჯოელი საშუალოდ 32.6 წუთს ატარებს და საკუთარი გუნდის წამყვანი ფიგურაა.