ჯო ჯონსონი, ჯერალდ გრინი, კუტინო მობლი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი - ქართველი ფორვარდი ამერიკელ ვარსკვლავებს შორის ითამაშებს #1TVSPORT
ბოლო წლებში დიდი პოპულარობა შეიძინა 3X3 კალათბურთის შეჯიბრებამ სახელწოდებით BIG 3. მასში NBA-ის ყოფილი ვარსკვლავები ასპარეზობენ და მათი თამაშის ხილვის სურვილით გულშემატკივრები დარბაზებს ავსებენ. მოთამაშეთა შერჩევა დრაფტის საშუალებით ხდება.
2022 წლის დრაფტი 27 მაისს გაიმართა და მასში გუნდმა „პაუერ“ (Power) პირველ ნომრად გლენ რაისი აიყვანა. ეს ჩვენთვის საინტერესო გუნდია, რადგან მასში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ნიკოლოზ ცქიტიშვილი ითამაშებს. „პაუერი“ NBA-ის ყოფილი კალათბურთელის კუტინო მობლის გუნდია და ნიკაც სწორედ მისი მიწვევით ითამაშებს. მწვრთნელი ნენსი ლიბერმანი იქნება.
ტურნირი 18 ივლისს ჩიკაგოში დაიწყება და 4 სექტემბერს ბაჰამის კუნძულებზე დასრულდება. მასში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის არაერთი ჩამქრალი ვარსკვლავი თამაშობს: ჯო ჯონსონი, ჯორდან კროუფორდი, ლეანდრო ბარბოსა, კორი ბრიუერი, ჯერალდ გრინი, მარიო ჩელმერსი…
შეგახსენებთ, რომ ნიკა ცქიტიშვილი NBA-ის 2003 წლის დრაფტზე მე-5 ნომრად „დენვერ ნაგეტსმა“ აიყვანა. სკიტამ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ექვსი წელი ითამაშა.