ჯიქიათი „ნაპოლი“ და „ფიორენტინა“ დაინტერესდნენ
ჯიქიათი „ნაპოლი“ და „ფიორენტინა“ დაინტერესდნენ

იტალიური კლუბების წარმომადგენლები მოსკოვის „სპარტაკის“ კაპიტნით, წარმოშობით ქართველი მცველით, გიორგი ჯიქიას ტრანსფერით დაინტერესდნენ. ამის შესახებ გამოცემა „სპორტს.რუ“-ს (Sports.ru) ტელეგრამ-არხი იუწყება.

„ფეხბურთელს სერია ა-ს ცნობილი წარმომადგენლები, „ნაპოლი“ და „ფიორენტინა“ იწვევენ და მზად არიან, ჯიქიას საფასურად ცხრიდან 13 მილიონ ევრომდე გადაიხადონ, თუმცა, მცველის სატრანსფერო ღირებულება მხოლოდ ცხრა მილიონს აღემატება“, – წერს გამოცემა.

როგორც ფეხბურთის აგენტმა არსენი კორინმა განაცხადა, იტალიის ლიგაში მიმდინარე სეზონში შეიმჩნევა გარკვეული ტენდენცია, რომ ხელშეკრულებები პოსტსაბჭოური ქვეყნების მოთამაშეებთან გააფორმონ.

„მხითარიანი, მალინოვსკი უკვე თამაშობენ იტალიაში და ახლა მირანჩუკიც გადავიდა. თუ ჯიქია იტალიის ჩემპიონატში აღმოჩნდება, ეს არავისთვის მოულოდნელი არ იქნება. ამ ჩემპიონატში ახლა ფულიც არის და სპონსორები ჰყავთ და რუსეთის ბაზარს დიდ ყურადღებას აქცევენ. აქ შესაძლებელია, რომ ხარისხიანი ფეხბურთელები სხვა ლიგებთან შედარებით ხელმისაწვდომ ფასებში იპოვონ“, – ამბობს ჯიქიას მენეჯერი.