ჯინო პერუცი საკუთარ თავს მაგონებს - რას ამბობდა ხავიერ ძანეტი „თელავის“ ახალწვეულზე #1TVSPORT
ჯინო პერუცი საკუთარ თავს მაგონებს - რას ამბობდა ხავიერ ძანეტი „თელავის“ ახალწვეულზე #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ახალი სეზონისთვის 11 მოთამაშე დაიმატა, მაგრამ მათგან გამორჩეული არგენტინის ნაკრებში ნათამაშები 31 წლის ჯინო პერუცია.

არგენტინის ნაკრებისა და „ინტერის“ ლეგენდა, ხავიერ ძანეტი პერუცის ასე ახასიათებდა: „ჯინო ჩემს თავს მაგონებს, როდესაც კარიერას ვიწყებდი“. ეს ის პერიოდია, როდესაც პერუცი სამშობლოში, „ველეს სარსფილდში“ თამაშობდა და მისი შეძენით „ინტერი“ დაინტერესდა. მას იტალიაში გადასვლას ურჩევდნენ და არგენტინელი ჟურნალისტები ხავიერ ძანეტის მემკვიდრედაც მიიჩნევდნენ.

31 წლის ჯინო პერუცი მცველია. 2006 წელს „ველეს სარსფილდში“ მიიწვიეს, მაგრამ არასრულწლოვანი იყო და მშობლების გადაწყვეტილებით გუნდში თამაშზე უარი თქვა. თუმცა 2010 წელს კარიერა მაინც ამ გუნდში დაიწყო. 2013 წელს კი იტალიში გადავიდა და 2015 წლამდე სერია B-ს „კატანიაში“ თამაშობდა.

2015 წლის 18 იანვარს პერუცი „ბოკა ხუნიორსში“ ჩაირიცხა. ჯინო პერუციმ „ბოკა ხუნიორსთან“ ერთად 2015 წელს არგენტინის ჩემპიონატი და თასი მოიგო. ის გახდა გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი მარჯვენა მცველი და ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე.

2018 წლის თებერვლის დასაწყისში ექვსთვიანი იჯარით ურუგვაის „ნასიონალში“ გადავიდა. 2019 წლის იანვარში არგენტინულ ფეხბურთს დაუბრუნდა და „სან ლორენცოს“ წევრი გახდა, ხოლო 2022 წლის ივლისში პერუს „ალიანსა ლიმაში“ ჩაირიცხა.

2012 წლის აგვისტოში არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეხანდრო საბელამ პერუცი ბრაზილიასთან მატჩისთვის ნაკრებში გამოიძახა და მისი დებიუტიც ამ შეხვედრაში შედგა. სულ არგენტინის ნაკრებში ხუთი თამაში აქვს ჩატარებული.