ჯილდო უეფასგან - ფეხბურთის მასობრიობის პროექტისთვის საქართველო გამოარჩიეს
უეფამ 55 წევრ ქვეყანას შორის საქართველო გამოარჩია და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს ვერცხლის ჯილდო გადასცა. სფფ-ს ცნობით, საქართველო ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და მასში ჩართული ადამიანების რიცხვის გაზრდაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის დააჯილდოვეს.
საუკეთესო მეორე ადგილი და საერთაშორისო აღიარება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისგან საქართველომ მოყვარულთა ლიგის პროექტის განხორციელებისთვის მოიპოვა. უეფას ერთერთი მთავარი პრიორიტეტი კი ფეხბურთის მასობრიობაა.
„დღეს ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდა აღმოსავლეთ ევროპის მთავარი გამოწვევაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ეს მიმართულება განსაკუთრებით პრიორიტეტულია. საფეხბურთო პირამიდის საყრდენი სწორედ მასობრივი ფეხბურთია და სწორედ ამ საფეხურიდან უნდა დავიწყოთ განვითარება. უეფას ჯილდო დასტურია იმისა, რომ პროექტი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფეხბურთის განვითარებაში“ – ამბობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა.
„მოყვარულთა ლიგის“ პროექტი საქართველოში 2016 წლიდან ტარდება. ამჟამად მოყვარულთა ლიგაში 400 გუნდი თამაშობს, რაც ნიშნავს რომ რეგულარულად 11-11 ფორმატის ფეხბურთს 8000-ზე მეტი მოყვარული მიმდევარი ჰყავს.