ჯაბა ჯიღაური მაკედონიური “ვარდარის” ფეხბურთელი აღარ არის – საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.
მაკედონიური კლუბის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა, სკოპიეს გუნდმა კი ხელშეკრულების გახანგრძლივება აღარ შესთავაზა.
“ჯაბა ჯიღაური და იტალო ჟოზე ილივეირა “ვარდარის” ფეხბურთელები აღარ არიან. კლუბის ორ მოთამაშეს ხელშეკრულების ვადის პირველი ნაწილი დაუსრულდა და საფეხბურთო კლუბი “ვარდარი” მათთან თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს. ჯიღაური კლუბში წინა ზამთრის “სატრანსფერო ფანჯრის” დროს მოვიდა. ხელშეკრულების თანახმად, მას ერთი წლის შემდეგ შეეძლო ახალი კონტრაქტი მოეთხოვა. მან “წითელი-შავი” ფორმით გაიტანა ხუთი გოლი, ოთხი – მაკედონიის ჩემპიონატში და ერთი – “ფენერბაჰჩესთან“ სტამბულში უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის შეხვედრაში. საფეხბურთო კლუბი “ვარდარი” ორივე მოთამაშეს მადლობას უხდის გუნდის წინსვლაში შეტანილი წვლილისთვის და კარიერაში წარმატებებს უსურვებს” – წერს “ვარდარის” პრეს-სამსახური.