ჯეს ტორუპი - „კოპენჰაგენს“ ხოჭოლავას მსგავსი მცველი სჭირდებოდა #1TVSPORT
ჯეს ტორუპი - „კოპენჰაგენს“ ხოჭოლავას მსგავსი მცველი სჭირდებოდა #1TVSPORT

კოპენჰაგენმა“ შეიძინა დავით ხოჭოლავა დონეცკის „შახტარისგან“, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბოლო ოთხი სეზონი ითამაშა. 28 წლის დავით ხოჭოლავა არის მცველი, რომელსაც აქვს ჩემპიონთა და ევროპის ლიგაზე გამოსვლების გამოცდილება, საქართველოს ნაკრებში კი 28 მატჩი ჩაატარა.

2020 წელს ის იყო დონეცკის „შახტარში“, რომელმაც ევროპის ლიგის ნახევარფინალში გააღწია, გასულ სეზონზე კი უკრაინულ კლუბში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

„ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ შევძელით „კოპენჰაგენში“ ხოჭოლავას დამატება. დიდი ხანია, მისი დამატება გვსურდა და გვჯერა, ის იმ თვისებებს შეგვმატებს, რაც დაცვაში გვაკლდა. ურთიერთობა ხანგრძლივ პარტნიორობაზეა გათვლილი. ხოჭოლავასთან შეთანხმება ძალაში 2025 წლამდე იქნება. ეს არის მოთამაშე, რომელსაც ჩვენი სკაუტების გუნდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და როდესაც გადავწყვიტეთ, რომ გვინდოდა მცველის დამატება, ის მთავარი კანდიდატი იყო. ჩვენ მისი სახით ვიმატებთ საერთაშორისო გამოცდილებას და ხარისხს. ხოჭოლავა ძლიერია ორთაბრძოლებში და ზუსტი გადაცემებიც გამოარჩევს. მოუთმენლად ველით მას „კოპენჰაგენის“ მაისურით და მოედანზე ახალ თანაგუნდელებთან ერთად“, – ამბობს „კოპენჰაგენის“ სპორტული მენეჯერი პიტერ კრისტიანენი.

დავით ხოჭოლავა კარგად იცნობს „კოპენჰაგენს“, რომლის ინტერესიც დიდი ხნის წინ შეიტყო:

„ძალიან მოხარული ვარ, რომ კლუბი საბოლოოდ შევიცვალე. „კოპენჰაგენი“ დიდი კლუბია, რომელსაც ძალიან კარგი ისტორია აქვს, მათ შორის ევროსარბიელზე. გუნდის ინტერესის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი. მიუხედავად იმისა, რომ სხვა კლუბების მხრიდან იყო ინტერესი, მე კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას ყოველთვის „კოპენჰაგენში“ ვხედავდი. ვიცი, რომ ახალ თანაგუნდელებს შორის მაღალი დონის მოთამაშეები არიან. ახლა გუნდში ვარჯიშის დაწყებას მოუთმენლად ველი“, – ამბობს დავით ხოჭოლავა „კოპენჰაგენში“ გადასვლის შესახებ.

„კოპენჰაგენის“ მთავარი მწვრთნელი ჯესი ტოროპია, რომელიც „გენტში“ გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას მწვრთნელი იყო. ტორუპი „კოპენჰაგენს“ გასული წლიდან ავარჯიშებს. დანიელი სპეციალისტის აზრით, დავით ხოჭოლავას დამატებით, გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდება:

ხოჭოლავა მაღალია და ორთაბრძოლებში ძლიერია, ამავე დროს, საკმაოდ კარგი სისწრაფე აქვს. ჩვენ შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ და ასეთი მცველები გვჭირდება. ამავე დროს, ჩვენს მცველებს ბურთის წაღებაც უნდა შეეძლოთ და გვჯერა, რომ დავითს აქვს ეს თვისებები, რადგან ის ადრე ნახევარდაცვაშიც თამაშობდა და ამ პოზიციისთვის აუცილებელი ტექნიკური ცოდნა აქვს. ჩვენ ველოდებით მასთან მუშაობის დაწყებას, რათა გაიგოს, როგორ ვმუშაობთ“.