ჯერსის უეფას წევრობაზე უარი უთხრეს
ჯერსის უეფას წევრობაზე უარი უთხრეს

უეფა–მ 56-ე წევრი არ მიიღო. ამის შესახებ გადაწყვეტილება სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს 42-ე კონგრესზე მიიღეს – უეფას გაწევრიანების თხოვნით ჯერსის კუნძულმა მიმართა.

ჯერსი კუნძული ლა-მანშის სრუტეში მდებარე ნორმანდიის კუნძულების ხუთეულში ყველაზე დიდია, რომლის მოსახლეობა 100 000 შეადგენს. ჯერსი შედის დიდი ბრიტანეთის სამეფოს იურისდიქციაში, მაგრამ მისი ნაწილი არ არის, არ შედის ევროკავშირში და ეკონომიკური ოფშორის ზონას წარმოადგენს.

კუნძულის საფეხბურთო კავშირი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის წევრი რეგიონული ორგანიზაციის სტატუსითაა, მაგრამ მის დამოუკიდებლობას ფიფა და უეფა არ აღიარებენ – მიზეზი ისაა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დამოუკიდებელ ქვეყნად არ ცნობს.

უეფას კონგრესმა საფეხბურთო ასოციაციის წევრობაზე ჯერსის განაცხადი მაინც განიხილა, თუმცა კვლავ უარი უთხრა. წინააღმდეგ 55 ქვეყნის დელეგაციიდან 49 წავიდა, ფარერების კუნძულების წარმომადგენელმა თავი შეიკავა, ხოლო 5 ქვეყნის დელეგატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.