ჯერომ ბოატენგი კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს გამოტოვებს - ფეხბურთელის ყოფილმა შეყვარებულმა თავი მოიკლა
„ბაიერნის“ მცველმა ჯერომ ბოატენგმა სასწრაფოდ დატოვა ყატარი, სადაც გერმანიის ჩემპიონი კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობს. მიზეზი ტრაგიკული შემთხვევაა – ოთხშაბათს, ბერლინში აღმოაჩინეს გარდაცვლილი 25 წლის კასია ლენჰარდტი – ბოატენგის ყოფილი შეყვარებული და მოდელი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა შოუ German’s Next Top Model-ში. 2012 წელს, მან კონკურსში მეოთხე ადგილი დაიკავა.
წყვილი ერთი კვირის წინ დაშორდა. ბოატენგისა და ლენჰარდტის ურთიერთობა 15 თვე გრძელდებოდა, თუმცა მათი დაშორება ხმაურიანი სკანდალით აღინიშნა, რასაც წინ უძღოდა ურთიერთბრალდებები სოციალურ ქსელებში.
„ბაიერნის“ მცველმა გაყრის შესახებ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გამოაცხადა, რომელშიც მოდელი მონაწილეობდა: ლენჰარდტი ფეხბურთელის მანქანით ბოძს შეეჯახა. პოლიციაში გამოაცხადეს, რომ გოგონა საჭესთან ნასვამი იჯდა.
„მე გავწყვიტე ლენჰარდტთან ურთიერთობა – ჩვენ ერთად აღარ ვართ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მე უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი და წერტილი დამესვა, – განაცხადა ბოატენგმა, – ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ტკივილი მივაყენე. განსაკუთრებით ჩემს ყოფილ შეყვარებულს რებეკას – კასიამ დაანგრია ჩვენი ურთიერთობა შანტაჟის მეშვეობით. იმედგაცრუებული დავრჩი. მამაკაცმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და იმოქმედოს ოჯახის ინტერესებში, რასაც ახლა ვაკეთებ“.
რებეკამ, რომელსაც ბოატენგთან ტყუპი ქალიშვილები ჰყავს, ფეხბურთელს მხარი დაუჭირა: „კასიამ უკვე დაანგრია ჩემი ოჯახი თავისთვის სარგებლის საპოვნელად. მე არ მივცემ მას ჯერომის განადგურების საშუალებას. მან უკვე ისედაც ბევრი მავნებლობა ჩაიდინა“.
ბოლო სიტყვა კასიამ თქვა და დაიმუქრა: „აუცილებლად გამოვალ და ვიტყვი სიმართლეს, მაგრამ ჯერ ძალები უნდა მოვიკრიბო. დრო მომეცით. მე არასდროს არავის მოვუტყუვებივარ და არავის გამოვუყენებივარ. მე გავწყვიტე ურთიერთობა! შენი ტყუილებისა და მუდმივი ღალატის გამო“.
გაზეთ „დეილი მეილის“ ინფორმაციით, პოლიციაში ვერ აღმოაჩინეს მკვლელობის კვალი – გოგონამ თავი მოიკლა.