„ჯერ არაფერია გადაწყვეტილი“ - სკრიპნიკმა „ვორსკლა“ „დილასთან“ გამარჯვებისთვის შეაქო #1TVSPORT
ვიქტორ სკრიპნიკმა გორის „დილასთან“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შედეგზე კომენტარი გააკეთა. პოლტავას „ვორსკლას“ მთავარი მწვრთნელი კმაყოფილი დარჩა გუნდის გამარჯვებით და, უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთელების თავდადებით.
„პირველ ტაიმში მეტოქის შეტევებს ვუმკლავდებოდით. შემდეგ კი, როგორც ჩვენ ხშირად მოგვსვლია, გოლი გავუშვით, მაგრამ დღეს მოედანზე იყო ის „ვორსკლა“, რომელსაც თავისი ხასიათის წყალობით ასეთი თამაშების მოგება შეუძლია. თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო – განმეორებითი საქართველოში გაიმართება და ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
„ვორსკლა“ დისციპლინირებულია და გუნდურად თამაშობს. ჩვენი ფეხბურთი არ არის ქაოსური და გაუაზრებელი, როცა ყველა იმას აკეთებს, რაც თავად უნდა. ჩვენ ვსწავლობდით მეტოქის ძლიერ მხარეებს და ამის მიხედვით ვიმოქმედეთ.
მთავარი ფიგურების გამოყოფა არ მიყვარს, რადგან გუნდი თამაშობს, მაგრამ „დილასთან“ გამარჯვებაში პერსონალური დამსახურებები გამოსარჩევია. ისეთი ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობიდან გამომდინარე, როგორებიც არიან ფელიპე, კანი, სტეპანიუკი, ყველა თამაშში საგოლე შანსებს ვქმნით. ახლაც მოგებაში მათ დიდი წვლილი შეიტანეს“, – ამბობს ვიკტორ სკრიპნიკი.
გორის „დილასა“ და პოლტავას „ვორსკლას“ შორის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი საქართველოში, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ 3 აგვისტოს გაიმართება.