„ჯენოას“ პრეზიდენტი ბალოტელისა და ვიეირას შერიგებას აპირებს #1TVSPORT
„ჯენოას“ პრეზიდენტი ალბერტო ძანგრილიო დარწმუნებულია, რომ ის შეძლებს ფორვარდ მარიო ბალოტელისა და გუნდის ახალი მწვრთნელის, პატრიკ ვიეირას შერიგებას, რათა დაძაბულობა წარსულს ჩაბარდეს. ამის შესახებ წერს გამოცემა LaPresse.
„მარიო ჭკვიანი ადამიანია, როგორც ჩვენი ახალი მწვრთნელი. ისინი ჩემს თვალწინ გადაეხვევიან ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, რომ შესანიშნავად ითანამშრომლებენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
34 წლის მარიო ბალოტელისა და 48 წლის პატრიკ ვიეირას შორის დაძაბულობა ჯერ კიდევ ორივეს „მანჩესტერ სიტიში“ თამაშისას წარმოიშვა. შემდეგ ისინი მუშაობდნენ „ნიცაში“, სადაც ვიეირა მთავარი მწვრთნელი იყო. Football Tweet-მა გაიხსენა ფრანგი სპეციალისტის მაშინდელი ყველაზე გამორჩეული კომენტარი იტალიელ ფორვარდზე.
„ბალოტელი არ არის შექმნილი სპორტის გუნდური სახეობებისთვის, მე ძალიან მიჭირს მასთან მუშაობა. მინდა, მას იმავეთი ვუპასუხო, ან უბრალოდ კედელს მივახეთქო, ან ქეჩოთი ჩამოვკიდო ტანსაცმლის საკიდზე“, – თქვა მაშინ ვიეირამ.
თავად ბალოტელიმ თავის დროზე აღიარა, რომ არასოდეს დატოვებდა „ნიცას“, რომ არა პატრიკ ვიეირა.