ჯანო ანანიძე ისევ დაშავდა - განსხვავებული ვერსიები ქართველის ტრავმაზე
ჯანო ანანიძე დაშავდა და შესაძლოა სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშოს – ამის შესახებ მცირე ხნის წინ რუსულ მედიასთან სამარის „კრილია სოვეტოვის“ ექიმმა, კიური ჩაჩაევმა განაცხადა.
„ანანიძემ იმ მუხლის მყესები დაიზიანა, რომელზეც 2018 წელს ჯვარედინი მყესების ოპერაცია გაუკეთეს. ჯერჯერობით სერიოზული არაფერია, მაგრამ მისი თამაში არ შეიძლება. დასვენების საშუალება მივეცით, რათა რისკი აგვერიდებინა. ვფიქრობ, ის სეზონის ბოლომდე მოედანზე ვეღარ გავა“, – ამბობს კიური ჩაჩაევი.
რუსეთში სეზონი 26 მაისს მთავრდება. მანამდე სამი ტურია დარჩენილი. ჯანო ანანიძემ ბოლოს 28 აპრილს, პეტერბურგის „ზენიტთან“ ითამაშა, 5 მაისს კი, „უფასთან“ არ გამოჩენილა. კითხვები სწორედ ამის გამო გაჩნდა.
სამარული კლუბის დირექტორმა, ალექსანდრე შიკუნოვმა ჯანოს ტრავმაზე განსხვავებული კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შესაძლოა ქართველი ლეგიონერი მოედანზე 11 მაისს გამოჩნდეს.
„ანანიძეს მუხლზე უმნიშვნელო პრობლემა აქვს. მას ექიმები უკვე მკურნალობენ და ვნახოთ, საქმე როგორ იქნება. არის შანსი, რომ ჯანომ „ახმატთან“ შემდეგ ტურში, 11 მაისს ითამაშოს. ჩვენც და ფეხბურთელსაც ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ მატჩამდე აღდგენას მოასწრებს. მანამდე სამი დღეა დარჩენილი და დრო კიდევ გვაქვს“, – განაცხადა ალექსანდრე შიკუნოვმა.