ჯანო ანანიძე ირლანდიასთან შეხვედრაზე - ნაკრების ექიმთან ერთად გადავწყვიტე, რამდენიმე დღე დამესვენა
ჯანო ანანიძემ რუსეთის პრემიერლიგაში სამარის „კრილია სოვეტოვში“ ითამაშა – ტულას „არსენალის“ წინააღმდეგ ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.
ამან ქართველ გულშემატკივრებში გაურკვევლობა გამოიწვია: შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებს „კრილიას“ ნახევარმცველი დაშავდა და გუნდს ირლანდიაში სათამაშოდ არ გაჰყვა. მომხდარზე ჯანო ანანიძემ განმარტება გააკეთა.
„მინდა განვმარტო ირლანდიაში ჩემი არყოფნის მიზეზი, რადგან ამ ვითარებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საქმე ისაა, რომ შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ ნაოპერაციები მუხლის ტკივილი ვიგრძენი, რომელიც ოდნავ გასიებულიც იყო. ამის თაობაზე ნაკრების ექიმს ვესაუბრე და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ხანგრძლივი გადაფრენებისგან თავი შემეკავებინა და გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა რამდენიმე დღე დამესვენა. 23 მარტის შემდეგ 6 დღე გავიდა და ამიტომაც გადავწყვიტე მეთამაშა, თუმცა სრულად მაინც არ ჩავამთავრე შეხვედრა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძველი ტრავმები თავს აღარ შემახსენებს და ჩემი ნაკრებისა და ასევე გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, – ამბობს ჯანო ანანიძე.
შვეიცარიასთან შეხვედრაში, ჯიმი ტაბიძესთან შეჯახების შემდეგ სტუმართა მოთამაშე ფაბიან შერი ცუდად გახდა, მას კი პირველი დახმარება ანანიძემ გაუწია. მსოფლიო მედიაში ქართველი ნახევარმცველის საქციელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჯანომ კომენტარი ამაზეც გააკეთა – „მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და მხარდამჭერებს გვერდში დგომისთვის და ყველას, ვისგანაც ძალიან დადებითი გზავნილები მივიღე შვეიცარიელი ფეხბურთელისთვის გაწეული იმ მცირე დახმარებისთვის, რომელიც მინდორზე აღმოვუჩინე“.