ჯანლუკა დი მარციო - „ნაპოლიში“ გარსიას მაცარი ან ტუდორი შეცვლის #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მწვრთნელი რუდი გარსია იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, სახლში „ემპოლისთან“ (0:1) წაგების შემდეგ გაათავისუფლეს და მას იტალიელი ვალტერ მაცარი ან ხორვატი იგორ ტუდორი შეცვლის, – ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი, SKY-ს ექსპერტი ჯან-ლუკა დი მარციო საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.
„ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრა, სადაც რუდი გარსიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ იმსჯელებენ. როგორც ჩანს, აურელიო დე ლაურენტისმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
ამ დროისთვის ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ არის გამოცხადებული, მაგრამ გარსიას თანამდებობიდან რომ გაათავისუფლებენ, ეს უკვე გარკვეულია. ხვალ, ორშაბათს, 13 ნოემბერს, შეხვედრა დე ლაურენტისის და მენეჯერების თანდასწრებით შედგება და გადაწყვეტილებას ოფიციალურად გააფორმებენ.
ერთ-ერთი ძლიერი კანდიდატი ვალტერ მაცარია, ვისთვისაც ეს იქნება დაბრუნება („ნაპოლიში“ 1998-1999 და 2009-2013 წლებში მუშაობდა).
„კალიარის“, „ინტერისა“ და „რეჯინას“ ყოფილი მწვრთნელი ნეაპოლურ გარემოს ძალიან კარგად იცნობს და, შესაძლოა, ამ ფაქტორმა მის სასარგებლოდ იმუშაოს.
კიდევ ერთი სპეციალისტი, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს „გადაუდებელი რეაგირებისთვის“, იგორ ტუდორია, რომელმაც მარსელის „ოლიმპიკში“ გასულ სეზონში დიდი გამოცდილება შეიძინა. ეს სახელები ამოტივტივდა მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტემ უარი თქვა.
ცხადია, რომ გადაწყვეტილებას კვლავ (და მხოლოდ) პრეზიდენტი დე ლაურენტისი მიიღებს. გარსიას აუცილებლად გაათავისუფლებენ და ორი ყველაზე ძლიერი კანდიდატი მაცარი და ტუდორი არიან“, – ამტკიცებს დი მარციო.