იტალიის ეროვნული გუნდის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, შესაძლოა, „სკუადრა აძურა“ დატოვოს. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბუფონის ეს გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების წარუმატებელ გამოსვლას უკავშირდება.
იუწყებიან, რომ „სკუადრა აძურას“ დელეგაციის თავკაცი უახლოეს პერიოდში იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდება და ნაკრებში საკუთარ მომავალს განიხილავს, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი, იტალიის ეროვნული გუნდი მერვედფინალში შვეიცარიის ნაკრებთან (0:2) დამარცხდა და ევრო 2024-ს დაემშვიდობა.