ჯანი ინფანტინო - სასამართლოს გადაწყვეტილება სუპერლიგასთან დაკავშირებით არაფერს ცვლის #1TVSPORT
ჯანი ინფანტინო - სასამართლოს გადაწყვეტილება სუპერლიგასთან დაკავშირებით არაფერს ცვლის #1TVSPORT

ევროპულმა სასამართლომ განიხილა ევროპის სუპერლიგის საჩივარი, რომელიც ფიფა-სა და უეფა-ს კანონის საწინააღმდეგო მოქმედებაში ადანაშაულებდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, უეფა და ფიფა მოქმედებდნენ კონკურენციის კანონის დარღვევით 2021 წელს, როდესაც მათ ევროპის სუპერლიგის შექმნა შეაჩერეს.

ბოლო მომენტამდე პროექტში ორი კლუბი რჩებოდა – მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“.

სასამართლოს გადაწყვეტილებას და ევროპის სუპერლიგის პროექტის პოტენციურ აღდგენას გამოეხმაურა ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო:

„პატივს ვცემთ ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ფიფა გააგრძელებს ტურნირების ჩატარებას და ეს ტურნირები იქნება ყველაზე სანახაობრივი და კონკურენტუნარიანი, ხოლო მიღებულ შემოსავალს ფიფა ფეხბურთის განვითარებას მოახმარს. ჩვენ ვითანამშრომლებთ ორგანიზაციაში შემავალ ყველა წევრთან და ვიმუშავებთ ამ სპორტის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ინფანტინომ.

არსებული ინფორმაციით, ევროპის სუპერლიგა 64-გუნდიანი იქნება. გუნდები სამ დივიზიონში გადანაწილდებიან, იქნება ზევით ასვლისა და ქვედა დივიზიონში დაქვეითების სისტემა.

სუპერლიგის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია, რომელმაც განაცხადა, რომ ახლა კლუბების ბედი მათსავე ხელშია და ისინი უეფა-ს მონოპოლიისგან გათავისუფლდნენ.