ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის გამო ჯოკოვიჩმა და ნადალმა შესაძლოა საუდის არაბეთში არ ითამაშონ
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა და სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, შესაძლოა, უარი თქვან საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში დაგეგმილ საგამოფენო მატჩზე. მიზეზი – ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობაა.
საჩვენებელი შეხვედრა მსოფლიოს პირველ და მეორე ჩოგნებს შორის 22 დეკემბერს არის დაგეგმილი. ამ თამაშის სანაცვლოდ, ჩოგბურთელები დაახლოებით მილიონ დოლარს მიიღებენ. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ უცნობია, მაგრამ ჯოკოვიჩმაც და ნადალმაც თავიანთი მოსაზრებები უკვე გამოთქვეს.
„ვიცი, რა მოხდა და ეს, რა თქმა უნდა, სევდიანი ამბავია“, – თქვა ჯოკოვიჩმა. – „ყოველთვის ვცდილობ დავრჩე პროფესიონალად და პატივი ვცე ჩემს ვალდებულებებს. ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მივიღოთ და რაციონალურად გადავწყვიტოთ – ჩავატაროთ თუ არა მატჩი. არ მინდა ჩათრეული ვიყო პოლიტიკურ პროცესებში. სამწუხაროდ, ჩვენი მატჩი ამ მოვლენებს დაემთხვა“.
„ერთი წლის წინ მივეცი თამაშის პირობა“, – აღნიშნა ნადალმა. – „საშინელებაა ჟურნალისტის დაღუპვა. ვიცით, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა. ვნახოთ, როგორ წარიმართება სიტუაცია. იმედია, ყველაფერი მალე გაირკვევა“.
ჯამალ ჰაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლეს.