ჯაბა კანკავამ, რომელიც კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში არ დამალა, რომ შემოთავზებები სხვა კლუბებიდანაც ჰქონდა.
„შემოთავაზებები მქონდა რუსეთიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან – ეს რეალური წინადადებები იყო. მიწვევა თურქეთიდანაც იყო ლაპარაკის დონეზე, მაგრამ რეალური შემოთავაზება არ ყოფილა. ამ ეტაპზე „ვალანსიენი“ ვამჯობინე, რადგან მწვრთნელის ფაქტორი ძალიან დიდია. ერთმანეთს ვიცნობთ, მენდობა – პლუს, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ჩემპიონატის ფაქტორი იყო“, – განაცხადა კანკავამ „ტაიმაუტში“.
ჯაბა კანკავას საფრანგეთში დაბრუნების ინიციატორი მისი ყოფილი მწვრთნელი ოლივიე გეგანია, რომელთანაც 2015-2016 წლებში ლიგა2-ის „რეიმსში“ თამაშობდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა (93 მატჩი) ჯაბა კანკავამ კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, გამოდიოდა ვლადიკავკაზის „ალანიაში“, დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“ (რომლის ფორმითაც 2015 წელს ევროპის ლიგის ფინალში ითამაშა), კრივოი როგის „კრივბასში“, „რეიმსში“. 34 წლის ჯაბა ბოლოს ყაზახეთის „ტობოლში“ გამოდიოდა.
ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბში პირველად დღეს ივარჯიშებს. 19 იანვარს კი შესაძლოა, სადებიუტო შეხვედრა ჩაატაროს – „ვალანსიენი“ საფრანგეთის თასის 1/64-ფინალში „შამბლის“ უმასპინძლებს.