ჯაბა ჯიღაური - ვისურვებ, ბათუმის „დინამომ“ წარმატებას ევროსარბიელზე მიაღწიოს #1TVSPORT
ჯაბა ჯიღაური - ვისურვებ, ბათუმის „დინამომ“ წარმატებას ევროსარბიელზე მიაღწიოს #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშემ, ჯაბა ჯიღაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმრობისას გუნდის წარმატების მიზეზებზე ილაპარაკა.

„წელს ბათუმის „დინამომ“ ჩემპიონობა დაიმსახურა. მაგრამ განვლილი გზა არც ისე მარტივი ყოფილა. შიდა სამზარეულო ცოტა სხვაგვარი ყოფილა. თითოეული თამაში ფინალის ტოლფასი იყო და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვთამაშობდით. საბედნიეროდ, ამ მისიას თავი წარმატებით გავართვით და გავახარეთ ბათუმელები და დარწმუნებული ვარ, გუნდს საქართველოში კიდევ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ახლა ვისურვებ, რომ  ბათუმის „დინამომ“  წარმატებას ევროსარბიელზე მიაღწიოს“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ჯაბა ჯიღაურმა.

მისი თქმით, ჩემპიონობის გარდა, სხვა ამოცანა არც განიხილებოდა.

„ეს ამოცანა იყო განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში. ზედიზედ ორჯერ მეორე გავდიოდით და ეს დიდი ტრავმა იყო. წელს ჩემპიონობას ვუახლოვდებოდით და გვჯეროდა, რომ პირველობას მოვიპოვებდით. საბედნიეროდ, მიზანს მივაღწიეთ“.

ჯიღაურის თქმით, ეროვნული ლიგიდან ნაკრებში გამოძახება ყველასთვის დიდი სტიმულია.

„ეს ბევრ ფეხბურთელში გააჩენს მოტივაციას და ამბიციას – სხვას თუ გამოიძახეს და შანსი მიეცა, მე რატომ არ უნდა მომეცეს და ალბათ, მეც გამომიძახებენ, თუ ჩემს შესაძლებლობებს დავამტკიცებ. არ უნდა არსებობდეს მოთამაშე, ვისაც ასეთი ამბიცია არ აქვს. ვისურვებდი, რომ ბათუმის „დინამოს“ გარდა, ამ კონკურენციაში სხვა გუნდებიც ჩაერთონ და განვითარდნენ. რაც უფრო მეტი მოთამაშე იქნება ეროვნული ლიგიდან ნაკრებში, ჩემპიონატის დონეც უფრო აიწევს. იმედია, გაძლიერებაზე „დინამო თბილისიც“ იზრუნებს. მომეწონა „დილა“, „საბურთალო“, რომელსაც თასის აღებას ვულოცავ. პოტენციალს ასევე „ლოკომოტივშიც“ ვხედავ. მათი გაზრდა და განვითარება ჩვენთვისაც კარგი იქნება და დონის ასამაღლებლადაც“.