საჩხერეს „ჩიხურას“ ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ივანწმინდას სტადიონზე მინდვრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ეროვნულ ლიგაში სეზონის განახლებისთვის თამაშების მისაღებად მზად იქნება.
„ივანწმინდას სტადიონზე მინდვრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მოედანი დაიჩხვლიტა, დაითესა, სილა და სასუქი შევიდა. კარანტინის მერე „ივანწმინდა არენაზე“ საუცხოო საფარი გვექნება!“ – ვკითხულობთ საჩხერეს „ჩიხურას“ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საჩხერეს „ჩიხურამ“ ეროვნული ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მხოლოდ ერთი საშინაო შეხვედრის გამართვა მოასწრო – 7 მარტს გუნდი თბილისის „ლოკომოტივს“ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდა. მიზეზი საჩხერელთა საშინაო არენის, ივანწმინდას სტადიონზე მინდვრის საფარის ცუდი მდგომარეობა იყო.
ამავე დროს, საჩხერეს „ჩიხურას“ ოფიციალურ ვებ-გვერდის ცნობით, შემდეგ წელს, დიდი ხნის შესვენების შემდეგ გუნდი მეტოქეებს საჩხერეს სტადიონზე უმასპინძლებს, სადაც განახლების პირველი ეტაპი სრულდება.