ივან ჰაშეკი - საქართველოს ნაკრები კონტრშეტევაზე ძლიერია, მათ სივრცე არ უნდა მივცეთ #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთს შეხვდება. ჰამბურგში გასამართ მატჩამდე ჩეხეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ტომაშ სოუჩეკმა სრული დატვირთვით ივარჯიშა, რაც ძალიან მახარებს, რადგან ნამდვილი კაპიტანია. ის თამაშისთვის მზადაა და გუნდს არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც წარმოადგენს.
ჩვენი სტაფის წევრები საქართველოს ნაკრების პირველ მატჩს დაესწრნენ და მეტოქის თამაში გავაანალიზეთ. საქართველოს შანსები ჰქონდა, მათ შორის ბოლო წუთზეც და, ზოგადად, მაღალი კლასის თამაში აჩვენა – გუნდურადაც და ინდივიდუალურადაც. ისიც გამოჩნდა, რამდენად რთულ ჯგუფში მოვხვდით.
საქართველოს ნაკრებში მაღალი დონის მოთამაშე მხოლოდ კვარაცხელია არაა. მიქაუტაძემ არამარტო თურქეთთან გამოიჩინა თავი, საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ნახევარში 11 გოლი გაიტანა. ჩაკვეტაძე მოედანს კარგად ხედავს და მთლიანად გუნდიც კონტრშეტევებზე კარგად გადადის.
საჭიროა კონცენტრაცია, საქართველო დაცვაშიც ძლიერია, ნახევარდაცვაში სივრცეებს არ ხსნის და მათთან შეტევა იოლი არაა. ამიტომ მეტოქის შემტევებს სივრცეები არ უნდა გავუხსნათ. ჩვენ წაგების უფლება არ გვაქვს.
პორტუგალიასთან ბურთის ფლობა გვაკლდა და სულ დაცვაში ვიდექით. ხვალ განსხვავებული შეხვედრა იქნება და შემტევი ფეხბურთის ჩვენება გვინდა. რაც შეეხება შემადგენლობას, სასტარტოში შეიძლება ცვლილებები იყოს“, – განაცხადა ჰაშეკმა.