ივან ბობკო - „ტორპედო“ ოჯახური და ფინანსური პრობლემების გამო დავტოვე
ივან ბობკო - „ტორპედო“ ოჯახური და ფინანსური პრობლემების გამო დავტოვე

ივან ბობკომ საქართველოს პირველ არხთან ქუთაისის „ტორპედოდან“ წასვლის მიზეზებზე ალაპარაკა და განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში დარჩენა აღარ შეეძლო.

ივან ბობკოს უკრაინაში დავუკავშირდით და დავინტერესდით, რა ხდებოდა მის თავს და კლუბი რეალურად რატომ დატოვა.

„დიდ პატივს ვცემ გუნდს, სამწვრთნელო სტაფს და „ტორპედოს“ გულშემატკივრებს. ისინი ნამდვილად მეტს იმსახურებენ, მაგრამ ისეთი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდი, ვეღარ დავრჩებოდი. იყო ოჯახური პრობლემა – მეუღლეს ალერგია აქვს და ქუთაისის კლიმატს ვერ ეგუებოდა. პრალელურად, ხელფასს სრულად ვერ ვიღებდი და ამან ფინანსური პრობლემები შემიქმნა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ივან ბობკო.

მისი თქმით, ხელფასი სრულად მარტიდან მოყოლებული არ აუღია.

„ხელფასის დარიცხვამდე ფაქტის წინაშე გვაყენებდნენ, რომ თურმე სრული თანხის დარიცხვა ვერ ხერხდებოდა. სახლსაც საკუთარი ფულით ვქირაობდი, თავად ვიკვებებოდი, ოჯახს კი ათასი სხვა ხარჯი სჭირდება. 50 პროცენტზე ვთქვი უარი, თუ დანარჩენს ჩამირიცხავდა და ამაზეც უარი მივიღე. წასვლა ამიტომ გადავწყვიტე“, – ამტკიცებს „ტორპედოს“ ლეგიონერი.