ივა გელაშვილი საქართველოში დაბრუნდა და თბილისის „იბერიაში“ ითამაშებს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
23 წლის მცველი ერთი სეზონი იტალიის სერია B-ს „სპეციაში“ გამოდიოდა – გელაშვილის სატრანსფერო უფლებებს ბათუმის „დინამო“ ფლობს და იტალიურ კლუბს მისი გამოსყიდვა 600 ათას ევროდ შეეძლო, მაგრამ გელაშვილმა ზაფხულში გუნდი დატოვა.
იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თანახმა იყო, გამოსასყიდი თანხა შეემცირებინა, მაგრამ „სპეციაში“ დარჩენა თავად ფეხბურთელმა არ ისურვა და კარიერის ბელგიაში გაგრძელებას აპირებდა, სადაც „შარლერუა“ და ლიეჟის „სტანდარდი“ იწვევდნენ, მაგრამ შეთანხმება არ შედგა.
ივა გელაშვილი პრაღის „სლავიის“ აკადემიის აღზრდილია, საქართველოში იჯარით ბოლნისის „სიონსა“ და „იბერია 1999“-ში (ყოფილი „საბურთალო“) თამაშობდა. „სპეციაში“ 10 მატჩში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი და ახალგაზრდული ევრო 2023-ის მონაწილე. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი ტაილანდთან ამხანაგურ მატჩში (8:0) შედგა.
გელაშვილი თბილისის „იბერიაში“ ზაფხულიდან ვარჯიშობდა და, საბოლოოდ, კარიერის დედაქალაქურ კლუბში გაგრძელება გადაწყვიტა.