ივა გელაშვილი, რომელმაც ტრავმა ევრო 2023-ზე მიიღო, მოედანს მალე დაუბრუნდება #1TVSPORT
ივა გელაშვილი, რომელმაც ტრავმა ევრო 2023-ზე მიიღო, მოედანს მალე დაუბრუნდება #1TVSPORT

„საბურთალოს” მცველი ივა გელაშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ევრო 2023-ზე ოთხივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, მომჯობინდა და თავის კლუბში მალე ივარჯიშებს, – ამის შესახებ 22 წლის ფეხბურთელმა კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველს მეოთხედფინალში, ისრაელის წინააღმდეგ პირველი ტაიმის მიწურულს მოედნის დატოვება ტრავმის გამო მოუხდა და ამის შემდეგ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.

„თავს უკეთ ვგრძნობ, ცხვირი ორ ადგილას მქონდა გატეხილი, მაგრამ უკვე კარგად ვარ, ტკივილებიც აღარ მაქვს. ვითვალისწინებ ექიმის რეკომენდაციებს, ეტაპობრივად ვიწყებ რეაბილიტაციას და ვფიქრობ, ვარჯიშს მალე შევძლებ.

მიხარია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩემს გამოსვლას ბევრი დადებითად აფასებს. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი შემიძლია. ვიმუშავებ, რათა უკეთესად ვითამაშო.

მადლობა „საბურთალოს”. ამ გუნდში მნიშვნელოვანი სათამაშო პრაქტიკა მივიღე. ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილზე ვართ და აქ გამოსვლა ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

ევრო 2023-ზე გულშემატკივრების ნაწილისთვის ჯგუფიდან ჩვენი ნაკრების გასვლა წარმოუდგენელიც იყო, თუმცა საკუთარი შესაძლებლობების თავიდანვე გვჯეროდა. მიზანი ფინალში თამაში იყო. მაინც სასიხარულოა, რომ მეოთხედფინალის ჩათვლით ძირითად დროში თამაში არ წაგვიგია.

ნაკრებში ძალიან მეგობრული გარემო იყო. დიდი ოჯახი ვართ და ვფიქრობ, ამას ჩვენი გულშემატკივარიც გრძნობდა.

მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ტრიბუნიდან ან სახლიდან გვგულშემატკივრობდა. ამდენი ქომაგის წინაშე არასდროს მითამაშია, ისინი დიდ მოტივაციას გვაძლევდნენ. იმედია, ეს მხარდაჭერა გაგრძელდება და მათ კიდევ უფრო მეტად გავახარებთ“, – ამბობს ივა გელაშვილი.