ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ახალ მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარით. მიზეზი ის არის, რომ სპეციალისტმა უარი თქვა მოწევისთვის თავის დანებებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ფილტვების ანთება დაუდგინეს, – იტყობინება სააგენტო „ანსა“. სარი სახლთან ახლოს სიგარეტის კოლოფით ხელში შეამჩნიეს, რამაც ტურინში გაღიზიანება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ სარი აღდგენით კურსს გადის გადატანილი პნევმონიის შემდეგ. ამის გამო, ის არ მონაწილეობდა „იუვენტუსის“ მზადების ბოლო ეტაპში, ასევე გამოტოვა სერია ა-ს ახალი სეზონის პირველი მატჩი „პარმას“ წინააღმდეგ. კითხვის ნიშნის ქვეშაა „ნაპოლის“ წინააღმდეგ მეორე ტურის მატჩში მისი მონაწილეობა. სარი ყოველდღე მიდიოდა ბაზაზე, მაგრამ ფეხბურთელებს აკვირდებოდა ცალკე ოფისში ვიდეოკავშირის მეშვეობით.