ტურინის “იუვენტუსი” საკალათბურთო გუნდის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, – იტყობინება იტალიური პრესა. ამგვარი იდეა ფეხბურთში იტალიის ჩემპიონის პრეზიდენტ ანდრეა ანიელის დაებადა.
როგორც გამოცემები – „სტამპა“ (La Stampa) და „ტუტოსპორტი“ (Tuttosport) წერენ, ანიელიმ უკვე განიხილა ამგვარი პერსპექტივა ევროლიგის პრეზიდენტ ჟორდი ბარტომეუსთან. როგორც აღნიშნავენ, ამ მომენტისთვის “იუვენტუსს” საერთო სპონსორები ჰყავს საკალათბურთო კლუბ “ტორინოსთან”, რომელიც იგივე ქალაქს წარმოადგენს.
ევროპაში ბევრ კლუბს ჰყავს როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო გუნდები, მათ შორის, “რეალს”, “ბარსელონას”, “ბაიერნს”, “პანათინაიკოსს”, “ოლიმპიაკოსს”, “ფენერბაჰჩეს”.
აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ, “იუვენტუსმა” საკალათბურთო მაისურები გამოუშვა გასაყიდად.