„იუვენტუსმა“ ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა გაინაღდა
„იუვენტუსმა“ ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა გაინაღდა

ტურინის „იუვენტუსი“ 2017-18 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონი გახდა. სერია A-ს 37-ე ტურში მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა 0:0 ითამაშეს „რომასთან“ ისე, რომ ერთხელაც არ დაურტყამთ კარში ზუსტად და მიუღწეველნი გახდნენ „ნაპოლისთვის“.

„იუვენტუსისთვის“ ეს არის ზედიზედ მეშვიდე და ისტორიაში 34-ე ჩემპიონობა (კიდევ ორი ტიტული გუნდს კორუფციული სკანდალის გამო ჩამოართვეს). გარდა ამისა, ტურინელებმა ზედიზედ მეოთხე სეზონში შეასრულეს „ოქროს დუბლი“ (მოიგეს ჩემპიონატი და თასი).

ტურინელთა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, რომელსაც „რომას“ წინააღმდეგ არ უთამაშია, მეცხრედ გახდა იტალიის ჩემპიონი, რაც აბსოლუტური რეკორდია. აქამდე, რვაგზის ჩემპიონები იყვნენ – ვირჯინიო როზეტი, ჯოვანი ფერარი და ჯუზეპე ფურინო.