„იუვენტუსმა“ მოგებათა სერია შვიდ მატჩამდე აიყვანა, რონალდუმ ორი პასი შეასრულა (ვიდეო)
„იუვენტუსის“ მოგებათა სერია იტალიის ჩემპიონატში შვიდ მატჩამდე ავიდა. ქვეყნის ჩემპიონმა მეშვიდე ტურში შინ მიიღო მთავარი კონკურენტი „ნაპოლი“ და დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.
მე-10 წუთზე ლეონარდო ბონუჩი უხეშად შეცდა, როცა საკუთარ საჯარიმოში უზუსტო პასი გააკეთა და დრის მერტენსმა ანგარიში გახსნა.
„იუვენტუსი“ დაახლოებით 16 წუთი იყო მდევრის როლში, რის შემდეგაც მარიო მანჯუკიჩმა დუბლი შეასრულა, საბოლოო წერტილი კი ბონუჩიმ დასვა, რომელმაც პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომა გოლით გამოისყიდა.
კრიშტიანუ რონალდუმ სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა. მან ორი საგოლე პასი შეასრულა, კიდევ ერთ შემთხვევაში კი მისი დარტყმა ძელმა მოიგერია და მანჯუკიჩმა დაამატა.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ბოლო 20 წუთი „ნაპოლიმ“ 10 კაცით ითამაშა, რადგან დიბალასთან უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს მარიო რუი.
„იუვეს“ სეზონის სტარტზე რვიდან რვა ოფიციალური მატჩი აქვს მოგებული. გუნდს ასეთი სერია 1930-31 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია.
„იუვენტუსმა“ 21 ქულა დააგროვა და სერია A-ს ლიდერია. „ნაპოლი“ 15 ქულით მეორე ადგილზეა.