"იუვენტუსმა" ლეგენდარული ფეხბურთელი და პრეზიდენტი დაკარგა #1TVSPORT
„იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ჯამპიერო ბონიპერტი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბონიპერტი ტურინულ კლუბში თამაშობდა მთელი კარიერის განმავლობაში (1946-61). მან ჯამში 459 მატჩი ჩაატარა და 179 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში მის ანგარიშზე იყო 38 მატჩი და რვა გოლი. მოთამაშის რანგში ბონიპერტის ხუთჯერ მოუგია იტალიის ჩემპიონატი. 2012 წელს, ის იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
1971-90 წლებში ბონიპერტი „იუვენტუსის“ პრეზიდენტი იყო. ამ პერიოდში კლუბმა ცხრაჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ასევე მოიპოვა ჩემპიონთა თასი, საკონტინენტთაშორისო თასი, თასების მფლობელთა თასი, უეფა-ს თასი და უეფა-ს სუპერთასი.
სიკვდილამდე ჯამპიერო ბონიპერტი „იუვენტუსის“ საპატიო პრეზიდენტი იყო.