ტურინის „იუვენტუსმა“ ოფიციალურად წარადგინა თავისი ვარსკვლავური ახალწვეული კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელმა პრესკონფერენცია ჩაატარა და საკლუბო მაისურიც მიიღო, რომელზეც მეშვიდე ნომერი აწერია.
„ჩემპიონთა ლიგის მოგება ნებისმიერი კლუბის ოცნებაა. ჩვენ ვიბრძოლებთ ამ ტურნირის, სკუდეტოსა და სხვა პრიზების მოსაგებად. მესმის, რომ კონკურენცია დიდი იქნება, მაგრამ სიმშვიდე და განწყობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ჩემპიონთა ლიგის მოგება იოლი არ არის. იმედია, შევძლებ ამაში დახმარებას. „იუვენტუსს“ ერთი ნაბიჯი დააკლდა მოგებამდე. ფინალშიც რომ მოხვდე, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მოიგებ. იმედია, მე მოვიტან გუნდში წარმატებასა და იღბალს. როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ინტერვიუს ვაძლევდი, ჯერ არ ვიცოდი, რომ „იუვენტუსში“ გადავიდოდი. მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტსა და ხელმძღვანელობას. ისინი ჩემზე ფიქრობდნენ, დაიჯერეს ჩემი შესაძლებლობები. ახლა კარგ ხასიათზე ვარ ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქოლოგიურად. ამაყი ვარ, რომ აქ ვიმყოფები“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე რონალდუმ.
კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ 112 მილიონ ევროდ გადავიდა „რეალიდან“. ფეხბურთელის ხელფასი სეზონში 30 მილიონი ევრო იქნება.