ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ იტალიის თასის განმეორებითი შეხვედრა ტურინში, „იუვენტუსსა“ და „მილანს“ შორის 12 ივნისს გაიმართება. პირველი მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა. ცოტა ხნით ადრე გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის თასის განმეორებითი შეხვედრები 13 ივნისს უნდა გამართულიყო.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ სერია „ა“-ს და იტალიის თასის განახლების შესახებ ოფიციალურად ერთი კვირის წინ გამოაცხადა. ჩემპიონატის შეხვედრები 20 ივნისს განახლდება. მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიის გამო, იტალიაში ფეხბურთი 9 მარტს შეაჩერეს. 2019/2020 წლების სეზონზე კიდევ 12 ტურის შეხვედრებია ჩასატარებელი.