„სერია ა“-ს მოქმედი ჩემპიონის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ანდრეა პირლო დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად კლუბი ავრცელებს. „ბებერი ქალბატონი“ „ჩემპიონთა ლიგიდან“ გუშინ გამოვარდა და მალევე მაურიციო სარი გაათავისუფლა.
პირლო ზუსტად 10 დღის წინ „იუვეს“ 23-წლამდელთა მწვრთნელად დაინიშნა. 41 წლის სპეციალისტი „იუვენტუსის“ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეებში შედის. მან ტურინში ოთხჯერ მოიგო „სერია ა“ და ერთხელ „კოპა იტალია“.
ვარაუდობდნენ, რომ სარის გაშვების შემდეგ „ბიანკონერის“ რომელიმე ტოპ მენეჯერი გაწვრთნიდა. იტალიური პრესა მაურიციო პოჩეტინოსა და მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურების შესახებ ბევრს წერდა, თუმცა საბოლოოდ პოსტი პირლომ დაიკავა.