„იუვენტუსის“ ფეხბურთელს, ნიკოლო ფაჯოლის მოედანზე გასვლა ივნისამდე აუკრძალეს #1TVSPORT
აკრძალული ფსონების განთავსების გამო ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ნიკოლო ფაჯოლი 12-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, – ინფორმაციას იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს.
უშუალოდ სპორტული დისკვალიფიკაცია 7 თვეს მოიცავს. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა იტალიელი თამაშს ვერ შეძლებს და მოედანზე ივნისიდან დაბრუნდება. დანარჩენი 5 თვის სანაცვლოდ ფაჯოლი 12 500 ევროს გადაიხდის.
ფეხბურთელმა ასევე უნდა გაიაროს თერაპია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან განმათავისუფლებელ სპეციალურ ცენტრში.
სპორტული კოდექსის მიხედვით, ნიკოლო ფაჯოლის 3-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა აკრძალული ფსონების განთავსების გამო, თუმცა მან თავად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის გამოც სასჯელის ვადა შემცირდა. თანაც, ის ფსონს საკუთარი გუნდის შედეგზე არ ანთავსებდა.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში ასევე მიმდინარეობს გამოძიება სანდრო ტონალისა და ნიკოლო ძანიოლოს საქმეებზეც. ამ მოთამაშეებსაც დისკვალიფიკაცია ემუქრებათ.