იუვენტუსმა იტალიის ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმების შანსი ხელიდან გაუშვა, როდესაც სტუმრად სპალთან 1-2 წააგო.
საინტერესოა, რომ ეს იყო ფერარელების პირველი გამარჯვება იტალიის ჩემპიონებთან 1957 წლის შემდეგ, იუვეტუსისთვის კი მხოლოდ მეორე წაგება მიმდინარე სეზონში.
მასიმილიანო ალეგრის გუნდს ამ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა ესაჭიროებოდა, რათა სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე მიუწვდომელი გამხდარიყო მეორე ადგილზე მყოფი ნაპოლისთვის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამის შანსი დღეს გუნდს მაინც რჩება და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ნაპოლი საკუთარ მოედანზე კიევოს ვერ დაამარცხებს.
რაც შეეხება ფერარაში გამართულ მატჩს, ანგარიში ტურინელებმა გახსნეს, როდესაც ჟოაო კანსელოს დარტყმის შემდეგ ბურთს მიმართულება მოიზე კინმა შეუცვალა. ამის შემდეგ, ანგარიში კევინ ბონიფაციმ გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი მასპინძლების ვეტერანმა ფეხბურთელმა, 37 წლის სერჯო ფლოკარიმ გაიტანა.
თამაშში მონაწილეობა კიდევ ერთმა 37 წლის ფეხბურთელმა, იუვენტუსის მცველმა ანდრეა ბარძალიმ მიიღო და საფინალო სასტვენის შემდეგ განაცხადა, რომ სეზონის დასრულებისთანავე დაამთავრებს საფეხბურთო კარიერას.
იუვენტუსი მომავალ ტურში თავის ტრადიციულ მეტოქეს, ფიორენტინას უმასპინძლებს.