კატალონიური „ბარსელონა“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ მირალემ პიანიჩის გადაბირების მოლაპარაკებებში ბრაზილიელი არტურის ჩართვას გეგმავს. როგორც „მუნდო დეპორტივო“ იტყობინება, არტურს „ბარსელონას“ დატოვება არ უნდა, რადგან მას წარმატებების მიღწევა ამ კლუბთან ერთად სურს და ნებისმიერ სხვა კლუბში გადასვლაზე უარს აცხადებს.
ბრაზილიელის ასეთი მტკიცე პოზიცია დიდი პრობლემაა კატალონიელებისთვის, რადგან პიანიჩის გაშვებაზე „იუვენტუსი“ თანახმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მოლაპარაკებებში არტურს ჩართავენ. ცოტა ხნით ადრე იტყობინებოდნენ, რომ ბოსნიელმა „ბარსელონასთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.
კატალონიურ კლუბში ტრანსფერის გამო, პიანიჩმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პსჟ“ უარით გაისტუმრა.