„იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს ტურინული კლუბი. იტალიის ჩემპიონი პორტუგალიელის გაყიდვას გეგმავს, – ამის შესახებ წერს გამოცემა Sport.es.
წყაროს ცნობით, ტურინელთა ხელმძღვანელობა მზად არის განიხალოს რონალდოს გასხვისების ვარიანტები, რათა იმ თანხის ნაწილობრივი კომპენსაცია მოახდინოს, რომელიც პორტუგალიელის შეძენისთვის დაიხარჯა. ეს თანხა 117 მილიონ ევროს შეადგენს.
ამგვარი გადაწყვეტილება ეფუძნება იმას, რომ „იუვენტუსის“ ბოსებს არ სურთ რისკზე წასვლა და 35 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გაგრძელება. გარდა ამისა, კლუბის დარწმუნებული არ არის, რომ შეძლებს კორონავირუსის პანდემიის დროს კრიშტიანოს ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. პორტუგალიელის ხელფასი წელიწადში 31 მილიონ ევროს უტოლდება.
რონალდოს მოქმედი კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა სერია A-ს ოთხ მატჩში ითამაშა და ექვსი გოლი გაიტანა.